23/07/2018

ბაღის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის მდიდარი კოლექციით, შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და დეკორატიული უბნებით გამორჩეული ბოტანიკური ბაღი ძველი თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი ტფილისის რუქების მიხედვით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული და ისინი მეფეთა საკუთრებას წარმოადგენდა. პირველი ბაღი ლეღვთახევში, სასახლის წინ იყო გაშენებული, მეორე – მდებარეობდა ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ყვავილოვან-დეკორატიული მცენარეების ნაკვეთის ტერიტორიაზე. სამხრეთით მას ეკვროდა თაბორის ქედი, აღმოსავლეთით სეიდაბადის დასახლება, ჩრდილოეთით კი წავკისისწყალი. ხოლო მესამე ბაღი, რომელიც „ციხის ბაღის“ სახელწოდებითაც იყო ცნობილი, გაშენებული – წავკისისწყლის მარჯვენა, ჩრდილო ექსპოზიციის ფერდობზე (ჩანჩქერის მიდამოებში). 1845 წლის 1 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით, სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ოფიციალურად ეწოდა. 2012 წელს კი ბოტანიკურ ბაღს ეროვნული სტატუსი მიენიჭა.

დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, 58 ჰა – ბუნებრივ მცენარეულობას. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია და 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ქმნის ეგზოტურ და ადგილობრივი ფლორის კოლექციებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიზნებით. ეწევა საქართველოს იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების კონსერვაციას, გააჩნია თესლის ბანკი, რომელიც გლობალური ქსელის წევრია. ბოტანიკური ბაღი სწავლობს მცენარეთა მრავალფეროვნებას, ეკოლოგიურ და მცენარეთა დაცვით საკითხებს. იგი არის ეკოგანათლების მნიშნელოვანი ბაზა, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ჩართულია გლობალურ, საერთაშორისო კვლევით პროექტებში და არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი ორგანიზაცია. ამავდროულად, ბაღი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

Top